ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრები, რომლებიც კომუნისტებმა დაანგრიეს
იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 8 ნოემბერს (შესწორებული სტილით 21 ნოემბერს) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა – მთავარანგელოზთა კრების დღესასწაულს აღნიშნავს.
საბჭოთა ათეისტურმა მმართველობამ მრავალი ტაძარი და მონასტერი დაანგრია, მათ შორის ქ. ქუთაისში მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრებიდან, ორი მათგანი კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა და მიწასთან გაასწორა.
წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ერთ-ერთი აწ უკვე დანგრეული ტაძარი (წარმოდგენილია ფოტოზე) მდებარეობდა ქუთაისის მერიის ამჟამინდელი შენობის გვერდით, დღესდღეობით არსებული შრომის მემორიალის ადგილზე, სადაც 1450 წელს აიგო პირველი ტაძარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული ერთადერთი ტაძარი გახლდათ.
დრო-ჟამის მსვლელობამ ძველი ტაძარი დააზიანა, რის გამოც, საჭირო გახდა ახალი ტაძრის აგება. 1829 წელს დეკანოზმა იესე გიორგაძემ წერილობითი თხოვნით მიმართა იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონს (წულუკიძე), რათა ნება დაერთო ახალი ტაძრის აგებისთვის.
მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამ ადგილზე ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც აკურთხეს 1840 წელს. 1811 წლიდან (ჯერ კიდევ ძველ ტაძარში) 1861 წლამდე, ხსენებულ ტაძარში ღმრთისმსახურებას აღასრულებდა დეკანოზი იესე გიორგაძე (გარდაიცვალა 1861 წლის 27 ივნისს). გარკვეული დროის მანძილზე წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის აღნიშნული ტაძარი ქუთაისის საკათედრო ტაძარი გახლდათ. ამ ტაძარში არაერთი ქადაგება აქვს წარმოთქმული წმიდა მღვდელმთავარს, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს (ქიქოძე). ხსენებული ქადაგებებიდან რამდენიმე ჩვენამდე მოღწეულია.
აღნიშნულ ტაძარში მსახურობდნენ ცნობილი სასულიერო პირები, მათ შორის, დეკანოზი რაჟდენ გიგაური (1877-1904 წლებში), დეკანოზი კორნელი კეკელიძე (1905 წ; შემდგომში ცნობილი აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი).
წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის გალავანში მდებარეობდა სასაფლაო, რომელიც ერთგვარი პანთეონი იყო, სადაც ცნობილი და გამოჩენილი პიროვნები იყვნენ დაკრძალულნი: საბა კლდიაშვილი, სამსონ თოფურია, მედიცინის დოქტორი დიმიტრი ნაზარიშვილი და სხვანი.
1944 წელს კომუნისტურმა ხელისუფლება დაანგრია ტაძარი, ხოლო მიცვალებულთა ნეშტები სხვადასხვა სასაფლაოზე გადაასვენეს (ძირითადად მწვანეყვავილას პანთეონში), თუმცა ზოგიერთი საფლავი არ გაუხსნიათ და დღესაც, რამდენიმე საფლავი მიმობნეულია ამ ადგილზე, ხოლო იქვე მდებარე ქვის გალავანი სწორედ ხსენებული ტაძრის გალავნის ნაწილი გახლავთ.
წმიდა მთავარანგელოზთა ტაძარს გააჩნდა სამრეკლო, რომელიც ტაძრის დანგრევიდან ერთ წელიწადში, 1945 წელს დაანგრიეს და როგორც აღვნიშნეთ, ტაძრის ადგილზე ააგეს შრომის მემორიალი, რომელიც დღესაც არსებობს.
ბოლშევიკურმა რეჟიმმა ასევე დაანგრია ქუთაისის ძელქვიანას სასაფლაოზე მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელშიც 1889 და 1892 წლებში მსახურობდა მღვდელი ალექსი გიორგაძე (შემდგომში ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მოთავე, ავტოკეფალიის აღდგენის აქტის თანაავტორი).
სამწუხაროდ, ძელქვიანას სასაფლაოზე მდებარე ტაძრის ფოტომ ჩვენამდე ვერ მოაღწია (იქნებ სადმე არსებობს და ჯერჯერობით არ ვიცით?!).
წარმოდგენილ ფოტოზე კი გახლავთ ქუთაისის მერიის გვერდით ამჟამად არსებული შრომის მემორიალის ადგილზე მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. ათეისტური რეჟიმის დასრულების შემდგომ, აღნიშნული ტაძრის სამართალმემკვიდრედ ქუთაისის მერიის შენობაში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელიც მოქმედია.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










