სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა.
მის უწმინდესობას, უწმინდეს კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ!
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ ჩვენი მილოცვა თქვენი 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
მე თქვენ დიდი ხანია გიცნობთ და მახსოვს ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც თქვენ, როგორც სსკგ-ის ხელმძღვანელმა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარებაში ჩადეთ. მახსოვს ის მძიმე ვითარებაც, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, როცა მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელ ნაბიჯებს დგამდით.
თქვენი შრომა შეუდარებლად გაიზარდა საპატრიარქო მსახურების დროს, რომლის დროსაც სოციალური, მისიონერული, აღმშენებლობითი, საგანმანათლებლო-სასწავლო მიმართულებები ახალ და მაღალ დონეზე ავიდა, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენს რთულ დროში.
მინდა კიდევ ერთხელ გამოგიხატოთ მადლიერება თქვენ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას იმისთვის, რომ პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეკლესიის კანონების დაცვით, ოფიციალურად აღიარებთ ჩვენი წინაპრების მიწებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილად.
ჩვენი ხალხი და ჩვენ მადლობელი ვართ ასევე იმისთვის, რომ თქვენ არაერთხელ გაგვიწიეთ დახმარება ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლებაში, რომლებიც დროებითი საზღვრების დარღვევის გამო ტყვედ ჩავარდნენ.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი რთული საკითხები, რომლებიც პრობლემებს ქმნიან, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედი კიდევ ცოცხალია, და თქვენდამი ჩვენი კეთილგანწყობა – გულწრფელი.
ლოცვით გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღვთის მადლს, რათა ერთგულად ემსახუროთ როგორც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ისე მთელი მართლმადიდებლობის ერთობას.
მრავალჟამიერ!
ქრისტეში ძმური სიყვარულით
+ ილია II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
